ჟურნალი ნომერი 1 ∘ ციალა ოჩხიკიძე შობისადმი მიძღვნილი საგალობლების სახისმეტყველებაიოანე მტბევრის ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა მიქაელ მოდრეკილის საწელიწდო იადგარმა (S-425; 978-988 წ.წ) შემოგვინახა. მის საგალობლებში ასახული ზოგადქრისტიანული მოტივები, ჰიპოდიგმურ-პარადიგმული სახეები ემყარება ბიბლიურ და საღვთისმეტყველო ლიტერატურას. ჰიმნოგრაფის სამეტყველო ენა გამოირჩევა ამაღლებული განწყობით, რიტმულობით, ანაფორული კომპოზიციით.
ჩემი სტატია შეეხება იოანე მტბევრის შობისადმი მიძღვნილ საგალობლებს, რომელთა სახისმეტყველება საგანგებო ყურადღებას იქცევს. ჰიმნოგრაფი საშობაო საგალობელში მაცხოვარს წარმოადგენს ბიბლიური სახე-სიმბოლოებით. ჩემი განხილვის საგანია მაცხოვრის შობის, განკაცების საიდუმლოს საღვთისმეტყველო ლიტერატურის კვალობაზე ახსნა, ბიბლიურ მოძღვრებასთან მისი კავშირის, „ძუელი იგი კაცისა და ახალი იგი კაცის“ სიმბოლური სახეობრივი სისტემის გათვალისწინებით წარმოჩენა.
სასულიერო მწერლობა უფლის შობას „საშინელ საიდუმლოს“ უწოდებს, რადგან ადამიანთა გონებისთვის მიუწვდომელია ღვთაებრივი არსის ხორციელ ბუნებაში გადმოსვლის სრულყოფილად გააზრება, რომელშიც სიტყვა „საშინელი“ ლექსიკონების მიხედვით შიშის მომგვრელს, შიშის დამტეხელს ნიშნავს. წმ. იოანე ოქროპირი მათეს სახარების განმარტებისას აღნიშნავს: „გულისჴმისყავ და შესძრწუნდი, მესმას რაჲ, ვითარმედ ღმერთი მოვიდა ქოჳეყნად, რამეთუ ესოდენ განსაკვირვებელ იყო და დიდებულ, რომელ ანგელოზთა განწყობილნი კაცნი წყალობისათვის ერთბამად დიდებისმეტყველებას შესწირავდეს და წინასწარმეტყუჳლნი განკვირვებულნი პირველივე იტყოდეს, ვითარმედ „ქუეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა შორის იქცეოდა“ (ბარუქ.3:38) [განმარტებაჲ მათეს სახარებისაჲ, 1996:35].
იოანე მტბევარი წმინდა მამათა კვალობაზე მაცხოვრის შობას „საშინელ საიდუმლოსა“ და სასწაულს უწოდებს: „საიდოჳმლოსა საშინელი, რომელიცა იყო დაფაროჳლ ძალთაგან ზეცისა ოჳხორცოთა მრავალსახიერ სიბრძნეჲ ღმრთისაჲ, განცხადნა დღეს კაცთა შორის ჴორცთა შინა ღმრთეებაჲ, რომლითა მოვიღეთ ჩოჳენ გამოჴსნაჲ“ [ინგოროყვა,1913:57]. „საშინელისა შობისა შენისა საიდოჳმლოსა“ [ინგოროყვა,1913:77].
„საშინელი საიდუმლოს“ განმარტებას აგრძელებს იოანე ოქროპირი: „აწ უკუე არა დაუსაბამოჲსა მის შობისათჳს არს სიტყუაჲ ჩუენი, არამედ მეორისა, რომელი იქმნა ქუეყანასა ზედა, რომლისა მრავალნი არიან მოწამე, და მისთჳსცა ძალისაებრ ჩუენისა მითხრა, რავდენ-იგი უძლე მოღებად მადლსა მას სულისა წმიდისასა, რომელმან მომცა სიტყუაჲ თქუმად, რაოდენ ეტევის ბუნებასა კაცობრივსა, რამეთუ ამას ქალწულისაგან შობისა განცხადებულად და განმარტებით თხრობაჲ შეუძლებელ არს, რამეთუ საკვირველ არს ესეც და მიუწთომელ“ [განმარტებაჲ მათეს სახარებისაჲ, 1996:35]. მაცხოვრის შობისა და განკაცების, როგორც „საშინელი საიდუმლოს“, წარმოდგენა ძნელია: „რამეთუ ფრიად უძნელეს არს კაცობრივის ან ზედა გულისსიტყოჳასა ღმრთისა განკაცებაჲ, ვიდრეღა კაცისა შვილ ღმრთისა ყოფაჲ მადლისა მისითა“, [განმარტებაჲ მათეს სახარებისაჲ, 1996:36].
იოანე მტბევრის შობისადმი მიძღვნილ საგალობლებში აღნიშნული ფაქტი მრავალგზის არის ახსნილი და გააზრებული. ჰიმნოგრაფი აცნობიერებს, რომ ღვთის განკაცების საიდუმლოს სიტყვით ახსნა, გადმოცემა ჩვეულებრივი ადამიანისათვის შეუძლებელია: „ოჳზეშთაეს არს ბოჳნებასა კაცობრივსა საიდოჳმლოჲ გამოჳთქოჳმელი ოჳთესლოდ შობისა შენისაჲ ქრისტე, სიტყოჳაო მამისაო და ვერ შეოჳძლებს ენაჲ მეტყოჳელი ჭეშმარიტად მითხრობად მისა, რომლისთჳს განცოფნა სიბრძნე სოფლისა ბრძენთადა მეცნიერთაჲ და მოოჳძლოჳრდა სიტყვაჲ მეტყოჳელთაჲ შემსგავსებით ქებასა“ [ინგოროყვა,1913:89].
საღვთისმეტყველო მოძღვრებაში ქრისტიანული ღმერთი სამჰიპოსტასიანი ერთარსება ღმერთია, აბსოლუტური ჭეშმარიტება, სიკეთე, მშვენიერება, სიყვარული, არაფრისაგან ყოველივეს შემოქმედი. იოანე მტბევრის საგალობელთათვის დამახასიათებელია საღვთო არსის საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური დასაბუთება, სამსახოვანი ერთარსება ღმერთის გააზრება ამის ცხადი მაგალითია: „სამებისა ნათლითა გაბრწყინვებულნი მოვედით, მორწმუნენო, ვაქებდეთ სამგუამოვანსა ღმერთსა მამასა ძით და სულით წმიდით განუყოფელად ერთ ბუნებასა ღმრთეებისასა“ [ინგოროყვა,1913:53].
სამსახოვანი ღმერთის მეორე ჰიპოსტასურმა სახემ - იესო ქრისტემ, განკაცებულმა ღმერთმა, პირველცოდვის გამოსყიდვა და კაცთა სულების გადარჩენა იტვირთა და შეძლო. პირველქმნილი ადამიანი შექმნილია ღვთის სახედ და ხატად. პირველცოდვისაგან იგი მაცხოვარმა იხსნა, რის შემდეგაც ქრისტიანული რელიგიის უმთავრეს ფასეულობად სინანული, ცოდვის შეგრძნება და სულიერი სამყაროს მოპოვება გამოცხადდა: „ხატი მსგავსებისა ჩოჳენისა საოჳკოჳნეთა ღმერთმან და დღეს გამოშჩნდი ხორციელად“.
წმ. პავლე მოციქული ქრისტეს შესახებ ამბობს: „მას შინა დამკვიდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ხორციელად“ [კოლას.2.9]. კაცობრიობის ხსნისთვის უმნიშვნელოვანეს დროს, სახიერმა და კაცთმოყვარე უფალმა ქვეყნად მოავლინა „მხოლოდშობილი ძე თჳსი - იესო ქრისტე“, რადგან მხოლოდ ღმერთს შეეძლო სრული განკურნება საქვეყნო სენისა, მხოლოდ მას შეეძლო აღდგენა დაცემული ადამიანისა. ენით გამოუთქმელი სასწაული მოხდა და იშვა მაცხოვარი და უფალი ჩვენი იესო ქრისტე: ჩვენთვის დაიმდაბლა ღმერთმა თავი, რომელმაც განწმინდა და განაახლა ბუნება დაცემული ადამიანისა. კაცი გაათავისუფლა ცოდვის მონობისაგან და შემუსრა სიკვდილი. ნიკეა-კონსტანტინეპოლის სიმბოლოს ინტერპრეტაციით, რომელსაც შემოკლებით „მრწამსი“ ეწოდა, ქრისტეს მოსვლა მიწაზე არის არა უბრალოდ „ხორცშესხმა“, არამედ მაინცდამაინც „განკაცება“. იოანე მტბევარმა ღვთის განკაცება საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური თვალთახედვითაა გაიაზრა: „სიტყუოჳმან დაოჳსაბამომან, ღმრთეებრ ოჳხილავმან მიიღო დასაბამი განკაცებისაჲ ჴსნისათჳს კაცთა ნათესავისა, რაჲჟამს შეეზავა აგებოჳლებასა ნივთიერსა მიწისაგანსა მოწყალებით აოჳგებელი არსებაჲ ღმრთეებისაჲ“ [ინგოროყვა,1913:84], რომელშიც ნივთიერი აგებულების საკითხი იქცევს ყურადღებას. ვ. ნოზაძემ „აგებოჳლებასა ნივთიერსა მიწისაგანსა“ შემდეგნაირად განმარტა: „ხილული სოფლის შექმნაში მონაწილეობს ოთხი ელემენტი: მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი. ეს ელემენტები შეადგენენ ყოველი მატერიალური საგნის საფუძველს, სამყაროში არსთა შორის ყველაზე დაბალ საფეხურზეა უსულო ნივთნი“ [ნოზაძე,1956:22], ხოლო ვინაიდან „ყოველი სხეული ოთხთა ნივთთაგან შეიმზადების“, ამიტომ ადამიანის სხეულსა და უსულო ნივთებს ერთმანეთთან სწორედ ეს ოთხი ელემენტი აკავშირებს, რაზეც ჰაგიოგრაფიაშიც არაერთგზის მსჯელობას ვხვდებით. ნიმუშად შეიძლება იოანე საბანისძის ჰაგიოგრაფიული თხზულების „აბო თბილელის წამების“ დასახელება შეიძლება.
„შესაქმის“ წიგნში დასახულია ის იდეა, რომ „ცხოვრების ხის“ ნაყოფის მეშვეობით ადამიანი უხრწნელობა-უკვდავებას ეზიარება, „რაჲთა ცხოვნდეს უკუნისამდე“ [შეს.3.22]. იოანე დამასკელი „ცხოვრების ხეს“ ასე განმარტავს: „მქონებელი მოქმედებასა ცხორების მიმცემლობისა“ [წმიდა იოანე დამასკელი, 2000:402]. სიცოცხლის მომნიჭებელ ამ „ხეს“, „შესაქმის წიგნშივე“ უპირისპირდება „ხე ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა“, რომელიც ხორციელ საკვებს გვაწვდის. განკაცებული უფალი კაცობრიობას აძლევს თავდაპირველ, უცოდველ მდგომარეობასთან მიბრუნების შესაძლებლობას. სასულიერო მწერლობაში „ხე ცხოვრებისა“ ღვთის მეტაფორაა. „ხე ცხოვრებისა“ დახშულ სამოთხეში კვლავ დაბრუნების შესაძლებლობაა. იოანე მტბევრის საგალობლებში ქრისტე ბევრგან გააზრებულია ტრადიციულად მიღებული მეტაფორით, თუმცა, გვხვდება ასევე „ხისა მის ცნობადისა“ განმარტებით: „მოვედით, გემოჲ ვიხილოთ ხისა მის ცნობადისაჲ რომელ არს ქრისტე, საღმრთო ყუავილი, რომლისგანცა სიტკბოებაჲ იწნიხა საიდუმლოჲ განმწმედელი სულთა ჩუენთაჲ“ [ინგოროყვა,1913:64].
განკაცებული კაცთმოყვარე ღმერთი კვლავ გვისახავს გზას „ცხოვრების ხესთან“ მისაბრუნებლად. ესაა გზა „სიბრძნის“ მოპოვებისა: „ხე ცხოვრებისა არს ყოველთა, რომელთა შეიწყნარონ იგი“ [იგავ.3,18; ზირ.24.12-22], ხოლო ქრისტე აღუთქვამს მის ერთგულთ „ჭამად ძელისა მისგან ცხოვრებისა, რომელი არს შორის სამოთხესა ღმრთისა ჩემისასა“ [გამოცხ,2.7]. იოანე მტბევარი განმარტავს: „სასოვებაჲ წარმართთაჲ დღეს აღმოგჳცენდა, რომლის ნაყოფითა განიკოჳრნა სიმწარე ხის მის ცნობადისა და მაცხოვნნა ჩოჳენ“ [ინგოროყვა,1913:73].
„ხისა ცნობადის“ სიმბოლიკით მაცხოვრის სახედ მრავალგზის არის წარმოდგენილი იოანე მტბევართან: „აჰა ესერა ქოჳეყანისა მისგან სიწმინდისა აღმოსცენდა დაოჳთესველად საზრდელად სოჳლიერი სამეოჳფოჲსაგან ვენაჴისა მოვისთოჳლეთ ტევანი. მომწყდართა განმაცხოველებელი, რომელმან განაქარვა სიმწარეჲ პირველი ხისა ცნობადისაჲ და მომცა ჩოჳენ სასოჳმელი ცხოვრებისაჲ“ [ინგოროყვა,1913:89].
იოანე მტბევარი „ცნობადის ხის“ პარალელურად ქრისტეს წარმოაჩენს, როგორც „ცხოვრების ხეს“. ამიტომ შეუძლებელია მიზანმიმართულად არ ყოფილიყო ქრისტე მოხსენიებული „ხე ცნობადისას“ სიმბოლიკით: „ნაყოფისაგან სიმართლისა აღმოსცენდა ხე ცხოვრებისა, რომელმანცა გამოიღო ყოჳავილი სულნელი, ვითარცა თქოჳა პირველ სოლომონ იგავთა სიბრძნით გამომეტყოჳელმან, რამეთუ აჰა ესერა ქოჳეყანისა მისგან სიწმიდისა აღმოსცენდა დაოჳთესველად საზრდელი სულიერი და სამეუფოსაგან ვენახისა მოვისთულეთ ტევანი, მომწყდართა განმაცხოვებელი, რომელმან განაქარვა სიმწარე პირველ ხისა ცნობადისა და მომცა ჩუენ სასუმელი ცხოვრების, რომლითა დაჰხსნა პირველი განსაზღვრებული იგი პატიჟი მოკუდავებისა უკუდავებისა მფლობელმან ღმერთმან“ [ინგოროყვა,1913:89].
გ. ფარულავას შეხედულებით: „ღვთაებრივი კაცთმოყვარეობა იმაში გამომჟღავნდა, რომ თავისუფალი ნების გზით სულს სინანულის შესაძლებლობა ებოძა“ [ფარულავა,1991:96]. მოდის „ახალი ადამიანი“, რომლის საპირისპირო ცნებაა „ძველი ადამიანი“ („ძუელი იგი კაცი“). სინანულის გზაზე შემდგარი ძველი ადამიანი კვდება და იბადება ახალი. მტბევარი ამ მოვლენას შემდეგნაირად გადმოგვცემს: „ეჰა, დიდებული განსაკჳრვებელი ახლისა ამის შეერთებისა ჩოჳენდა. რამეთუ, რომელ უხილავ არს სრულიად შეიმოსს კაცებასა ჩოჳენსა და ჰგიეს უქცეველად ღმრთეებასავე თჳსსა“ [ინგოროყვა,1913:55]. მკვლევრისავე შეხედულებით: „კაცთმოყვარე ღმერთის მადლით ხდება „ძველი კაცის“ სისხლხორცეული განახლება, მოდის ქრისტე, „ახალი ადამი“, იგი არის გამოსყიდვის, გამოხსნის აქტით ქრისტეში განახლებული კაცობრიობა. ჯვარცმით, როგორც სხეულის, ისე სულის უკვდავებისაკენ სახეცვალების რეალური გზა გაიკვალა“ [ფარულავა,1991:98].
განკაცებული უფლითა და ახალი ადამიანის დაბადებით გამოისყიდა ადამიანთა მოდგმამ „ძუელი იგი ცოდვა“, „ვითარცა ჰნებავს მხოლოდ შობილსა, რაჲთა უცხო ქმნული ესე სამოთხისაგან კოჳალად მუნვე შემკრიბნეს და მაცხოვნნეს ბეთლემს შობილმან ჩოჳენთჳს“ [ინგოროყვა,1913:67].
იოანე მტბევრისთვის „ძველი ცოდვის გამოსყიდვა იმ გველის მოკვლითაა განპირობებული, რომელმაც „დაბადების წიგნშივე“ ცოდვა ჩაადენინა ადამსა და ევას. ცოდვის დამარცხებით გახდა შესაძლებელი „ადამის სიშიშვლის“ შემოსვა: „ბაგასა შინა მწოლარე იხილვების სახოჳელითა შეხოჳეოჳლი და შეჰმოსს დღეს ადამის შიშოჳლობასა“ [ინგოროყვა,1913:77]. აქ ნაჩვენები ადამის სიშიშვლე და სახვეველშემობურული ჩვილი იესო ბინარული ოპოზიციის მქონე სახე-სიმბოლოდაა დასახული.
„სახოჳლითა შეხოჳეოჳლით“ შემოსვა, როგორც წმ. იოანე ოქროპირმა განაცხადა, ესაა: „არა სამოსელთა მათ გარეშეთა განრცხაჲ, არამედ სამოსელთა მათ სულიერთა განწმენედაჲ ნივთთა მათგან ცოდვისათა განშორებაჲ“ [განმარტებაჲ მათეს სახარებისაჲ,1996:33). თავმდაბლობის მსგავსი მაგალითი მთელი კაცობრიობისთვის მისაბაძად ისახება, რაზეც იოანე მტბევარი ამბობს: „ქრისტე, მომავალი სიმდაბლით ღმერთი ჩუენი, ქუაბსა შინა და სახუევლითა ჩჩჳლად შეიხჳა და მიაწვინა იგი ბაგასა შემოქმედი“ [ინგოროყვა,1913:68].
მაცხოვრის ხატ-სახე იოანე მტბევრის შობისადმი მიძღვნილ საგალობლებში სხვადასხვა, მრავალფეროვანი სიმბოლოების საფუძველზეა წარმოსახული. ჩვენ შევეცადეთ მხოლოდ ერთი ასპექტის განხილვას, რამდენიმე დეტალისა თუ ფაქტის ქრისტიანულ საღვთისმეტყველო ლიტერატურაში დამკვიდრებული ტრადიციის ფონზე წარმოჩენას და იოანე მტბევრის საგალობელთა ორგანული კავშირის ჩვენებას ბიბლიურ წიგნებსა და ქრისტიანულ ლიტერატურასთან.
იოანე მტბევრის საგალობლები ჰიმნოგრაფიაში შემუშავებულ სახისმეტყველებით პრინციპებს მიჰყვება, რის გამოც ბევრი რამ გვეცნობა. მისი საგალობლის ღირსება კი ისაა, რომ ჰიმნოგრაფმა მასში საღვთო საიდუმლოს გამოსახვისა და ღვთაებრივი სიბრძნის წარმოჩენის საფუძველზე მაცხოვრის შობისადმი თავისი დამოკიდებულება გამოამჟღავნა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ინგოროყვა პ. 1913. ძველქართული სასულიერო პოეზია. წიგნი I. ტექსტები. VIII-X საუკუნეები. საეკლესიო მუზეუმის გამოცემა №16.
2. ნოზაძე ვ. 1956. ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება. ბუენოს-აირესი.
3. ფარულავა გ. 1991. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ძირითადი პრინციპები.
„ხელოვნება“, №1-2.
4. წმიდა იოანე დამასკელი. 2000.მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. გამოსაცემად მოამზადეს რ. მიმინოშვილმა და მ. რაფავამ. თბილისი.
5. წმიდა იოანე ოქროპირი. 1996. „განმარტებაჲ მათეს სახარებისაჲ“. I ტ. თბილისი.
ციალა ოჩხიკიძე
თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ძველი ქართული ლიტერატურა, მაგისტრი.
593 213 813
tsialaochkhikidze@yahoo.com
ხელმძღვანელი ნესტან სულავა,
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი,
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.
საკონტაქტო ტელეფონი: 599 723 488.
ელ-ფოსტა: nestansulava@rambler.ru
26.11.2015
წერილობითი დასკვნა ციალა ოჩხიკიძის სტატიაზე:
„იოანე მტბევრის შობისადმი მიძღვნილი საგალობლების სახისმეტყველებითი
ასპექტები“
ციალა ოჩხიკიძის წარმოდგენილი სტატია, რომელშიც ავტორი იოანე მტბევრის შობისადმი მიძღვნილ საგალობელთა სახისმეტყველებით ასპექტებს იკვლევს, აკმაყოფილებს ბაკალავრიანტთა და მაგისტრანტთა სამეცნიერო ჟურნალისთვის წაყენებულ სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შეიძლება დაიბეჭდოს.
ნესტან სულავა
თსუ ასოცირებული პროფესორი
26.11.2015